
„რადარის“ სასტუმროების დატვირთულობა ამჟამად დაახლოებით 95%-ს შეადგენს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ნებისმიერი სასტუმროსთვის სასურველ ციფრად შეიძლება ჩაითვალოს, – განაცხადა სასტუმროების ქსელის დამფუძნებელმა მაია მახათაძემ. მისი შეფასებით, 2025 წლის პირველი ნახევარი ტურიზმის თვალსაზრისით დადებით დინამიკას ასახავს და სეზონი საკმაოდ მაღალი დატვირთულობით დაიწყო.
„როგორც სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენელს, შემიძლია გითხრათ, რომ სეზონი ძალიან მაღალი ნიშნულით დავიწყეთ. ვგულისხმობ აქტიურ პერიოდს, რომელიც საქართველოსთვის აპრილიდან იწყება. მარტი მაინც დაბალ სეზონს მიეკუთვნება – ამ დროს ტურიზმი თანდათან იღვიძებს, შესაბამისად, აპრილიდან ველით ხოლმე აქტიურ ზრდას.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სანომრე ფონდი გაზრდილია და კონკურენცია მაღალია – განსაკუთრებით სასტუმროებისა და განთავსების სხვა ობიექტებს შორის – სექტორმა სეზონი მაინც მაღალი დატვირთულობით დაიწყო. ცხადია, პერიოდულად გამოწვევებიც გვაქვს – მაგალითად, ნოემბერ-დეკემბერში, რამაც გარკვეული უარყოფითი გავლენა იქონია, თუმცა სასტუმროები მაშინაც საკმაოდ დატვირთული იყო.
ამ ტენდენციას ამყარებს მაისიც – აქტიური პერიოდია, გამოცხადებულია დასვენების დღეები, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებში, რაც აისახება ვიზიტორების რაოდენობაზე. ივნისიდან სხვადასხვა ქვეყნიდან დასასვენებლად ჩამოსული ტურისტები მივიღეთ, მათ შორის ბიზნეს მოგზაურებიც. ზოგადად, მაისი-ივნისი ბიზნეს მოგზაურობის პერიოდად ითვლება და ეს აშკარად აისახება ტურიზმის მაჩვენებლებზე. განსაკუთრებით მაღალი აქტივობა შეინიშნებოდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ევროპიდანაც წინასწარ დაგეგმილი ვიზიტები შედგა და ვიზიტორების რაოდენობა დადებითად აისახა ტურისტულ დინამიკაზე. ამას ემატება მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებიც“, – აღნიშნა მაია მახათაძემ.
მისივე თქმით, ტურიზმის მაჩვენებლებზე დადებითი გავლენა იქონია პირდაპირი ფრენების დამატებამ და ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ:
„ტურიზმზე განსაკუთრებული ეფექტი შეიძლება მოახდინოს პირდაპირმა ფრენებმა – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებიდან დაგვემატა ოთხი ახალი ავიაკომპანია. ეს პირდაპირი კავშირია იმ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს სჭირდება და საიდანაც მაღალი მყიდველუნარიანობის მქონე ვიზიტორები ჩამოდიან.
გვქონდა გარკვეული გამოწვევა 10-დღიან პერიოდში, როცა საჰაერო ნაკადები შეწყდა ისრაელისა და ირანის ციდან – გასაგები მიზეზების გამო. ამას დაემატა კატარიც, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ავიაჰაბია და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან დიდ ნაკადს ატარებს. რომ არა ეს დანაკარგი, მზარდი ტენდენცია კიდევ უფრო შენარჩუნებული იქნებოდა“, – განმარტა მახათაძემ.
ტურიზმის მაჩვენებლები 2025 წლის I და II კვარტალში
- 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 2.3 მილიონი ვიზიტი, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.
- საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ 3.2 მილიონი შეადგინა.
- წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით:
- საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა გაიზარდა +4.4%-ით,
- საერთაშორისო ვიზიტორების – +4.6%-ით,
- საერთაშორისო ტურისტების – +6.9%-ით.
2025 წლის II კვარტალში:
- საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 1.3 მილიონი იყო – ესეც რეკორდული მაჩვენებელია.
- 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით:
- საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა გაიზარდა +6.9%-ით,
- საერთაშორისო ვიზიტორების – +7%-ით,
- საერთაშორისო ტურისტების – +10.7%-ით.
ვიზიტები ევროკავშირის ქვეყნებიდან:
- ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ქვეყნებიდან ვიზიტების რაოდენობამ იანვარ-ივნისში მიაღწია 201,986 ვიზიტს, რაც +10.2%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
მათ შორის:
- საბერძნეთი: +28.2% (+3,006 ვიზიტი)
- იტალია: +26.1% (+2,271 ვიზიტი)
- ესპანეთი: +25.9% (+1,638 ვიზიტი)
- გაერთიანებული სამეფო: +25.8% (+3,880 ვიზიტი)
- პოლონეთი: +21.9% (+6,043 ვიზიტი)
- გერმანია: +4.2% (+1,296 ვიზიტი)