
2025 წლის გამოცდები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისის მე-17 და ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია და საგამოცდო პროცესს ადგილზე გაეცნო.
მინისტრმა საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა და აპლიკანტებს წარმატებები უსურვა.
გივი მიქანაძე: „ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო პროცესი შესაბამისი სტანდარტების დაცვით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ყველა ჩართული მხარე მობილიზებულია და უზრუნველყოფილია ისეთი გარემო, სადაც გამოცდაზე მისულ თითოეულ აბიტურიენტსა თუ პედაგოგს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა და პოტენციალი გამოავლინოს.
ეს საყოველთაოდ მნიშვნელოვანი პროცესია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოცდაზე მოსული თითოეული აბიტურიენტი და პედაგოგი წავახალისოთ, გავამხნეოთ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათ ვგულშემატკივრობთ.
აბიტურიენტების, პედაგოგებისა და ყველა გამოსაცდელის წარმატება თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. საბოლოოდ, ეს ჩვენი ქვეყნის პროგრესზე, დინამიკასა და წინსვლაზე აისახება. სწორედ ამიტომ, საგამოცდო პროცესის მშვიდ გარემოში გამართულად მიმდინარეობაზე, ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ.“.
15 ივლისს აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას აბარებენ. გამოცდები ასევე ტარდება მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვისაც.
შეგახსენებთ, რომ გამოცდები 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. პროცესი ყველგან შეუფერხებლად მიმდინარეობს.
გამოსაცდელებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში გახსნილი საგამოცდო ცენტრები ემსახურება. წელს გამოცდებზე დარეგისტრირებულია 80 000-მდე გამოსაცდელი.