
ევროკავშირის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ სასწავლო პროექტის „Eco2Wine“ ფარგლებში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტს, კაპუცინ დენტრეიგესს (Capucine Dentraygues) უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„Eco2Wine“, რომლის განხორციელება 2023 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით დაიწყო, მიზნად ისახავს მეღვინეობაში გლობალური ინოვაციებისა და კომუნიკაციის გაძლიერებას.
საქართველოში ვიზიტის დროს, კაპუცინ დენტრეიგესმა ჩაატარა საველე კვლევა, თუ როგორ აღიქვამენ ქართველი ღვინის მომხმარებლები ბუნებრივ, ტრადიციულ და მიკრობიოლოგიურად გაუმჯობესებულ მეღვინეობას, როგორ აფასებენ ღვინის არჩევისას მის ავთენტიკურობას, მდგრადობასა და სიჯანსაღეს. საველე კვლევის შედეგები ანალიზის ეტაპზეა და უახლოეს თვეებში გამოქვეყნდება.
პროექტის „Eco2Wine“ ფარგლებში თანამშრომლობა მიმართულია მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამომავლო სტრატეგიების შემუშავებისკენ.
მილანის უნივერსიტეტის მიერ კოორდინირებული „Eco2Wine“-ის პარტნიორები არიან საქართველოს, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, სლოვენიის და სამხრეთ აფრიკის ქვეყნები და შესაბამისი უნივერსიტეტები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მილანის უნივერსიტეტი, ბურგუნდიის უნივერსიტეტი, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტი, პერუჯის უნივერსიტეტი, ლუბლიანას უნივერსიტეტი, კადისის უნივერსიტეტი და სტელენბოშის უნივერსიტეტი და ესპანეთის ეროვნული კვლევების საბჭო. პროექტში თითოეული ქვეყნიდან ჩართული არიან ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები. პროექტის ღირებულება 2,4 მილიონი ევრომდეა და ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება.