საქართველოში ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემას სომხეთის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ეცნობიან

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე, ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე სომხეთის ვაზისა და ღვინის ფონდის, ეკონომიკის სამინისტროსა და FAO-ს წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს ვაზის სერტიფიცირების საქართველოში დანერგილი სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

დელეგაციის წევრები წილკნის ბაზაზე, მცენარეთა მიკროკლონური გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურში გაეცნენ მიმდინარე სამუშაო პროცესებს, რომელიც სერტიფიცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.

სტუმრებმა ჯიღაურას ბაზაზე გაშენებული ვაზის ქართული და უცხოური ჯიშების კოლექციები, საძირეთა და სანამყენეთა სადედეები, ეკრანული სათბურები, ვაზისა და ღვინის სამუზეუმე სივრცე დაათვალიერეს; გაიმართა იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია, სადაც დელეგაციის წევრები ჯიშური მრავალფეროვნების თავისებურებებსა და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციულ ტექნოლოგიაზე მიიღეს ინფორმაცია. დეგუსტაციას მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი სამსახურის უფროსი პროფესორი დავით ჩიჩუა ხელმძღვანელობდა.

სომხეთის მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის წარმომადგენლების ვიზიტი ხაზს უსვამს მზარდ ინტერესს საქართველოში მიმდინარე სერტიფიცირების, სტანდარტების, მიკვლევადობის, კვლევითი კომპონენტის სისტემური მიდგომების მიმართ. მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში რეგიონული პარტნიორობის გაღრმავებისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარების კუთხით.

Back to top button