კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ე.გ. დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, 1999 წელს დაბადებულ ქ.მ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

Back to top button