გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზერისა და ელექტრო იარაღის უკანონო შენახვის ფაქტები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში სამართალდარღვევები გამოავლინეს.

დმანისის მუნიციპალიტეტში მდინარე მაშავერაზე და კასპის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე, მოქალაქეები თევზჭერას გასაბერი ნავებიდან, ელეტროიარაღების გამოყენებით ახდენდნენ. ქვემო ქართლში სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული კალმახის სახეობის 7 კილოგრამამდე თევზი.

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინას სანაპიროზე, მოქალაქეს, ნავსადგომში, მოტორიან ნავზე კუსტარულად დამზადებული, მუშა მდგომარეობაში მყოფი ელექტროიარაღი ჰქონდა განთავსებული. ვინაიდან ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა, სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლის 181-ე პრიმა 6 მუხლის შესაბამისად, რაც 3000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის 7 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 488 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

Back to top button