
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 14 ივნისს, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით ავტომანქანაში მყოფი სამი პირი გარდაიცვალა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.