საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციისა და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში, მის საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში უკანონოდ ინახავდა „Multi Tabak“-ის, „Multi Class“-ისა და „Armenia“-ს დასახელების 31 810 კოლოფ უაქციზო სიგარეტს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 159 000 ლარს აღემატება.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მხილების მიზნით.

Back to top button