გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მარტში უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მარტიდან 31 მარტის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინეს.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 151 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 34 – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 32 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

2026 წლის მარტში დალუქულია 8 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. ჯამში ამოღებულია 183 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი – 49 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი – 32, იმერეთი – 30, კახეთი – 29, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი – 10, ქვემო ქართლი – 10, შიდა ქართლი – 7, გურია – 4, მცხეთა-მთიანეთი – 3.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში ქვეყნის მასშტაბით უკვე გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 490 ფაქტი.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის მიზნით დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ამასთან, გამკაცრებულია სანქციები. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის შემთხვევების შემცირების ტენდენცია შეინიშნება.

Back to top button