
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა იაპონიაში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო უწყებათაშორის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ცირკულარული ეკონომიკის მიზნებისთვის მყარი ნარჩენების მდგრადი მართვის საკითხებს მიეძღვნა.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელები და პრაქტიკული მიდგომები, რომელთა დანერგვაც აზიის განვითარების ბანკისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერითა და თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი.
მინისტრის მოადგილემ მონაწილეებს საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე რეფორმები და არსებული გამოწვევები გააცნო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზიის განვითარების ბანკის პარტნიორი განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირები. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის, ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობების გაფართოებისა და სექტორში ინვესტიციების მოზიდვის საკითხებზე.
მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის მზაობა საქართველოში ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით პროექტების შემუშავებისა და განხორციელებისთვის.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს იაპონიაში მოქმედი ნარჩენების გადამუშავებისა და განთავსების ობიექტები, სადაც გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მართვის პრაქტიკებს, რომლებიც ნარჩენების ეფექტიან მართვასა და რესურსების ხელახალ გამოყენებას უწყობს ხელს.