
ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თენგიზ ჩალიგავა იმ ბრალდებებზე საუბრობს, რომ თითქოს სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანა ხდება.
მისი თქმით ნებისმიერი ინფორმაცია, თითქოს ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი აღნიშნულ ღონისძიებებს საერთაშორისო წესების დარღვევით ახორციელებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
მანვე აღნიშნა, რომ პროგრამის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩართული იყო ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ექსპერტი და ამასთან, აღნიშნავს, რომ პროგრამა დასავლურ, აპრობირებულ მეთოდოლოგიას ეფუძნება.
„პროგრამის შემუშავების საწყის ეტაპზევე სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჩართული ჰყავდა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ექსპერტი. მისი რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული პროგრამის შემუშავებაში და მის განხორციელებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრამა ხორციელდება შემდეგი პრინციპით: დაიჭირე, აცერი, ჩაუტარე კასტრაცია და დააბრუნე საწყის ტერიტორიაზე. ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც არის თანამედროვე და აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი ახორციელებს აღნიშნულ ღონისძიებებს რაიმე საერთაშორისო წესების დარღვევით, არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.