
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დუბლინში გამართულ სამიტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ოპოზიციისთვის მთავარი ზელენსკის მიმართ გამოხატული ყურადღება და ირაკლი კობახიძის მიმართ საერთაშორისო სამიტზე დამოკიდებულება გამხდარა და არა ის მძიმე რეალობა, რომლის წინაშეც დღეს უკრაინა დგას.
ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი გზავნილები ახალი არ არის და ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა, რომ ზელენსკის წითელი ხალიჩებით ხვდებიან, საქართველოს ხელისუფლებასთან კი ფოტოებს არავინ იღებსო.
მისი შეფასებით, როდესაც ოპოზიციისთვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფოტოები, ღიმილი და წითელი ხალიჩებია, ეს ნათლად აჩვენებს მათ პოლიტიკურ პრიორიტეტებს.
„ოპოზიციისთვის წითელი ხალიჩა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განადგურებული უკრაინა! მათთვის ისევ მთავარი ის გამხდარა, ზელენსკის როგორ ხვდებიან, რამდენ ფოტოს უღებენ და ირაკლი კობახიძე რატომ არ არის საერთაშორისო სამიტზე ყურადღების ცენტრში. ეს ნარატივი ახალი არ არის – ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა, ზელენსკის წითელი ხალიჩებით ხვდებიან, საქართველოს ხელისუფლებასთან კი ფოტოებს არავინ იღებსო.
მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი: საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვედროდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ. მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?
სწორედ უკრაინის მაგალითი აჩენს ამ კითხვას. ქვეყანა, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, განადგურებული ინფრასტრუქტურით, მილიონობით იძულებით გადაადგილებული ადამიანითა და უამრავი დაღუპულით, დღეს საკუთარი არსებობისთვის იბრძვის.
უკრაინის ტრაგედია სწორედ ის რეალობაა, რომლის უგულებელყოფაც ოპოზიციას ასე მარტივად შეუძლია. ზელენსკის პატივით დახვედრა თანაგრძნობის გამოხატულებაა იმ უბედურების მიმართ, რომელიც მან ქვეყანას დაატეხა თავს. მაგრამ ოპოზიციისთვის ეს ყველაფერი პოლიტიკური წარმატების საზომად ქცეულა. ოპოზიციისთვის მთავარი ყოფილა არა ის, რომ უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია, არამედ ის, რომ ზელენსკის წითელი ხალიჩით ხვდებიან.
როდესაც ოპოზიციისთვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფოტოები, ღიმილი და წითელი ხალიჩებია, ეს ნათლად აჩვენებს მათ პოლიტიკურ პრიორიტეტებს“, – წერს ქართველიშვილი.