
14 სექტემბერს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, დაიწყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი.
ქართველ სტუმარს, ვიზიტის პირველ დღეს, ჩინეთის ვეტერანთა საქმეების მინისტრმა, პეი ძინძიამ უმასპინძლა.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, მან, ქართველ კოლეგას გააცნო ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც ჩინეთის ლიდერ, სი ძინპინის ბრძანებით, ერთი წლის შექმნილი ვეტერანების საქმეთა სამინისტრო მუშაობს.
შეხვედრას ჩინეთის ვეტერანების საქმეთა სამინისტროს წამყვანი დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ხოლო საქართველოს მხრიდან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე, დესპანი ბესიკ შარაშენიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი კობა ლიკლიკაძე და საერთაშორისო სამმართველოსა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი ესწრებოდნენ.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ჩინეთისა და საქართველოს ვეტერანთა უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთსასარგებლო კონტაქტების განვითარების აუცილებლობაზე.
ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, კობა კობალაძემ საქართველოში დაპატიჟა ბატონი პეი ძინძია, რომლის ვიზიტის კონკრეტული თარიღი და პროგრამა მხარეთა დიპლომატიურ უწყებებს შორის შეთანხმების შემდეგ დაზუსტდება.
ვეტერანების საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი და მისი თანმხლები დელეგაცია, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგანგებო სიტუაციებისა და სახანძრო აკადემიას ესტუმრება. ჩინური მხარის მიწვევით, სწორედ, ამ აკადემიაში გადის 16 დღიან სპეციალურ, საწვრთნელ კურსებს ა(ა)იპ ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” მოხალისეთა გადამზადების გომბორის ცენტრის 8 და, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 4 წარმომადგენელი.
16 სექტემბერს, კი კობა კობალაძე მონაწილეობას მიიღებს პეკინის სიანშანის ორდღიან საერთაშორისო ფორუმში, რომელიც გლობალური უსაფრთხოების მართვის საკითხებს ეძღვნება. რიგით მე-13 ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ 100-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები და, ასევე, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლები.