
როგორც ნებისმიერ წარმომადგენელი, ან ნებისმიერი ადვოკატი მხარისა, ნებისმიერ სარჩელთან დაკავშირებით – იქნება ეს, მაგალითად, თუნდაც საერთო სასამართლოებში, სამოქალაქოში – რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ჩვენი სარჩელი იმდენად მტკიცეა თავისი მტკიცებულებებით, რომ არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დამტკიცდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა.
მისი განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ სასამართლო დაარწმუნოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის აკრძალვის სისწორეში.
კითხვაზე – რა შეიცვლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, გორდულაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური ველი ოკუპირებული აღარ იქნება ანტიკონსტიტუციური პარტიების მიერ და შესაძლებლობა გაუჩნდებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად სურთ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სასამართლო დავარწმუნოთ, რომ ერთადერთი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, სამართლებრივი შეფასების შემდეგ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად და მათი საქმიანობა აიკრძალოს. ოპოზიციური არა, არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, აღარ იქნება ოპოზიციური ველი ოკუპირებული ანტიკონსტიტუციური პარტიების მხრიდან.
შესაბამისად, ექნებათ შესაძლებლობა რეალურად ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებს, რომ თავიანთი საკითხები დააყენონ და მათ შორის, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, რომ მათთან პოლემიკაში შევიდეთ და ჩვენ არ გვიწევდეს ბრძოლა გადარჩენისათვის ამ ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებთან და რეალურად, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის სხვადასხვა პროგრამასთან დაკავშირებით გვქონდეს პოლიტიკური კამათი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.