ირაკლი ღარიბაშვილი: მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყებთ ყველა თეატრის რეაბილიტაციას, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ავაშენოთ სპორტული კომპლექსი

სპორტი და კულტურა, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი, ქალბატონ თეა წულუკიანთან ერთად ჩვენ გავიარეთ საჭირო პროექტები და მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყებთ ყველა თეატრის რეაბილიტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით გამოყო შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აღნიშნა, რომ მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია წელსვე დაიწყება, ეს არის მთავრობის სურვილი.

 

„სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა მუნიციპალიტეტში ცენტრალური სტადიონების რეაბილიტაცია იგეგმება, ყველა მცირე ზომის ე.წ მინი-სტადიონების სრული განახლება-რეაბილიტაცია მომდევნო 3 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს და ასევე ჩემი სურვილია და ჩვენ ამის თაობაზე ვისაუბრეთ, რომ უნდა დავიწყოთ, ეტაპობრივად, ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული კომპლექსების მშენებლობა. ეს შეიძლება იყოს გარდამავალი პროექტი და 3 წელიწადში ვერ ჩაეტიოს, მაგრამ 3-დან 5 წლამდე ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ავაშენოთ სპორტული კომპლექსი, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Back to top button