ნაცვლად თანამშრომლობისა, რადიკალური ოპოზიცია აწყობს საბოტაჟს, ბოიკოტს, აქტიურად იყენებენ თავიანთ მფარველ ლობისტებს ბრიუსელში იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი, დავით ბაქრაძე და სხვები ბრიუსელში დადიოდნენ და მუშაობდნენ იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეღო უვიზო რეჟიმი, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების პირდაპირი მტრობაა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიცია პოლარიზაციის შესამცირებლად, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, არაფერს აკეთებს, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანონ საზოგადოებაში.
„ეხლა რაც შეეხება სტატუსს და ზოგადად სტატუსის ამ გზაზე მოქმედ ქვეყნის მტრებს, მე ასე დავარქმევდი. მტერია ის ადამიანი, რომელიც ხელოვნურ ბარიერებს უქმნის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რომ არ მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. მტრობა არის ის, რომ ნაცვლად თანამშრომლობისა, ოპოზიცია და დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია აწყობს საბოტაჟს, ბოიკოტს. მტრობა არის ის, რომ დადიხართ, თქვენ არ ვიცი, მაგრამ თქვენი კოლეგები ბრიუსელში და აქტიურად იყენებენ თავიანთ მფარველ ლობისტებს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მტრობა არის ის, როდესაც, მახსოვს ძალიან კარგად, ბრიუსელში დადიოდა თავად ბატონი სააკაშვილი, დავით ბაქრაძე და სხვები, თქვენი კოლეგები, რომ ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. აი ეს არის მტრობა და ამ მტრობაში, მტრულ საქმეში , რა თქმა უნდა, ჩართული გყავთ თქვენს მიერ მოსყიდული, კორუმპირებული ლობისტები და ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რომლებიც წარმატებით აკეთებენ აი ამ დაკვეთას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ჩვენი ხალხის ინტერესების პირდაპირი მტრობა. ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს. თქვენ გაგვეცით პასუხი თქვენს ერთადერთ პირობაზე, რეკომენდაციაზე რას აკეთებთ?! რას აკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეამციროთ პოლარიზაცია?! არაფერს, პირიქით, ყველაფერს აკეთებთ, რომ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში და თქვენც ხართ ჩართული და მონაწილე ამ შეთქმულების, მე ასე ვიტყოდი”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.