„ქართული ოცნების” ხაშურის მერობის კანდიდატმა თენგიზ ჩიტიაშვილმს წარდგენაზე ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე და აღნიშნა, რომ მალე დაიწყება საუკუნის პროექტი, რის შემდეგაც მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
თენგიზ ჩიტიაშვილმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას” გამოცხადებული ნდობისთვის.
„ხაშურში დავიბადე და გავიზარდე, აქ გავატარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი და სწორედ ჩემი კუთხისა და ხალხის სიყვარულმა გამაბედინა მიმეღო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგევართ. ბევრი პრობლემაა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება. როგორც უკვე ითქვა, მოკლე დროში დაიწყება საუკუნის პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგ, ჩვენი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. მადლობა „ქართულ ოცნებას ” მერობის კანდიდატად ჩემი დასახელებისთვის. ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებ” – განაცხადა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
მერობის კანდიდატმა საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: მაყვალა მაისურაძე, ლევან გამრეკელი, მერაბ ცხოვრებაძე, გოდერძი არჯევანიძე, ზაზა სხილაძე, დავით მეტრეველი, ნოდარ ლომიძე, ალექსანდრე სიმონიშვილი, მუხრან ჩადუნელი.