ირაკლი ღარიბაშვილი: ვინ უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას”? სააკაშვილი და ოპოზიცია, შესაბამისად, გახარია ავტომატურად გამოდის სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირე

ჩვენ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება, ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოფილა სათავეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გაუთვლელი, უგუნური სპეცოპერაციებით გიორგი გახარიამ მმართველი გუნდის იმიჯი ძალიან დააზიანა.

„ამის მიუხედავად, მაშინ მას მთელი გუნდი გადაეფარა, რადგან ვნახეთ, რომ იყო რეალური საფრთხე, შეჭრილიყვნენ პარლამენტში და რაღაც უბედურება მომხდარიყო, კიდევ უფრო მძიმე ვითარება მიგვეღო. გადაეფარა მთელი გუნდი და გადაარჩინა, შემდეგ დაწინაურდა, დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ასე გადაწყდა მაშინ, ასე გადაწყვიტა გუნდმა. ამის შემდეგ, რომ ეს კაცი გამოდის, უთავმოყვარეოდ რაღაცებს ლაპარაკობს და ჩვენს გუნდს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაამარცხოს საქართველოს მოქალაქემ და ხალხმაო, ვინ უპირისპირდება, ვეკითხები ადამიანებს. ვინ უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას”? სააკაშვილი და მთელი ეს ოპოზიცია, შესაბამისად, გახარია ავტომატურად გამოდის სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირე. მე კითხვა მაქვს, რა ვალი აქვს ამისთანა ან რა კომპრომატები აქვთ მასზე, რომ ვერ გათავისუფლდა და მიყვება პირდაპირ. უკვე რამდენჯერმე გააკეთებინეს ხარაკირი, პოლიტიკური თვითმკვლელობა და ახლა მორიგი პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაადენინეს, როცა თავი მერობის კანდიდატად დაიყენა და ეს პოლიტიკური პარტია შექმნა. სამარცხვინოა, რა უნდა გითხრათ. ჩემთვისაც ძალიან რთულია, რადგან გუნდის წევრი იყო და ამდენი წელი ვიცნობდით და ერთად მოვდიოდით. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ეს არის ღალატი და ღალატი ჩვენთვის მიუღებელია. ქართველი კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გიორგი გახარიამ. ქართველი კაცი ყოველთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ასეთ საკაცობრიო ღირებულებებს, ღალატს, სიყვარულს და ა.შ. ემოციურია ეს ყველაფერი, მაგრამ ასეა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

Back to top button