შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება

შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როცა პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, ქვეყანაში რთული ვითარება იყო, ოპოზიცია პარლამენტში არ შედიოდა, იყო ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, რასაც პანდემია და ეკონომიკური კრიზისი ემატებოდა, ამიტომ წავიდა ხელისუფლება კომპრომისზე და შეთანხმებას ხელი მოაწერა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერით მმართველმა გუნდმა მოლაპარაკებებში ევროპელი და ამერიკელი მეგობრების ჩართულობას სცა პატივი, თუმცა შეთანხმება არაკონსტიტუციური იყო და მისი ანულირებით ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნდა.

„შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება „ქართული ოცნების” მხრიდან აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო და აგიხსნით რატომ. თავის დროზე ჩვენ გადავდგით ეს კომპრომისული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ეს იყო პრაგმატული ნაბიჯი და ნაკარნახევი იყო იმ სულისკვეთებით, რომ ჩვენ გავიზიარეთ ჩვენი პარტნიორების და მათ შორის პრეზიდენტ შარლ მიშელის უშუალო ჩართულობა, მისი ეს მედიაცია და რა თქმა უნდა, მის ამ ჩართულობას და ჩვენი დიდი ამერიკელი მეგობრების ჩართულობას პატივი ვეცით ამით. ასეთ კომპრომისზე წავედით, ციხიდან გამოვუშვით ცნობილი კრიმინალური ისტორიის მქონე რურუა და ასევე კრიმინალი მელია. როგორ შეიძლება, რომ კაცი, პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდეს ხალხს, არბევდეს პოლიციელს, სპეცრაზმს და დღეს იყოს თბილისის მერი. სირცხვილია.

ჩვენ ამ კომპრომისული ნაბიჯების გადადგმით დავადასტურეთ პატივისცემა ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მიმართ და ასევე, ვთქვით, რომ გვინდა დეესკალაცია და პოლარიზებული სიგიჟის დასრულება. მე როცა პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, ძალიან რთული სიტუაცია იყო. როცა მოლაპარაკებებში შევედით, ესენი იყვნენ გარეთ, ოპოზიცია პარლამენტში არ შედიოდა, ამ დროს 9 პარტია უნდა შესულიყო პარლამენტში და იყო ხელოვნურად შექმნილი კრიზისი. ასევე, პანდემია იყო, ეკონომიკა ჩაკეტილი იყო, უბედურება ხდებოდა. ამიტომ წავედით ამ ნაბიჯზე და განვმუხტეთ სიტუაცია. ამ შეთანხმების მთავარი მოტივაცია, მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება. შევიდნენ თუ არა პარლამენტში, იმ წამსვე გააგრძელეს საბოტაჟი და ის კატასტროფული ხელწერა, რაც მათ აქვთ. 100 დღე ველოდეთ, გავაგრძელეთ რეფორმები, უნიკალური საარჩევნო კოდექსი გვაქვს დღეს, მათ შორის დავიწყეთ საკონსტიტუციო რეფორმები, რომელიც რამდენიმე დღის წინ ერთი მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა, შეპირება, დათქმა რაც იყო ჩადებული ამ შეთანხმებაში. ყველა ნაბიჯი გადავდგით, 100 დღე ველოდეთ, მაგრამ ესენი აგრძელებენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ და ჩვენს მეგობრებს, მათ შორის პრეზიდენტ მიშელს და ამერიკის მთავრობას და არ აწერენ ხელს. 40% იანი ბარიერი და რაღაცეები ჩაწერეს. ეს იყო ანტიკონსტიტუციური. ჩვენი მთავარი დოკუმენტი და მთავარი კანონი არის კონსტიტუცია და გვინდა, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვიყოთ. დოკუმენტის ანულირებით ჩვენ დავბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ჩვენ თავმოყვარე ხალხი ვართ. ამ სადისტებს ველოდებოდით 100 დღე, არ მოაწერეს ხელი. ივლისში ბათუმში ჩამოსული იყო პრეზიდენტი მიშელი და ვიცი, რომ ბოლო მოწოდება იყო, მოაწერეთ ხელი. ამათგან იყო იგნორი, რომ რას უნდა მოვაწეროთ, არ მოვაწერთ და არ მოაწერეს ხელი. ამიტომ ჩვენ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებებიც და ცალმხრივად გაფორმებულ ხელშეკრულებას გავუკეთეთ ანულირება”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა..

Back to top button