ირაკლი ღარიბაშვილი: პრაგმატული საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით ჩვენმა მთავრობამ შეძლო უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების კომპლექსური საკითხები არასტაბილურობით ხასიათდება, და ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თან სხვა რეგიონალური და გლობალური პრობლემები და გამოწვევები არსებობს – მათ შორის საქართველოსთვის – პრაგმატული საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით ჩვენმა მთავრობამ შეძლო უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. ეს არის მთელი ათწლეულის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობის პერიოდი საქართველოში! ჩვენ უზრუნველვყავით ასევე ძლიერი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები” − სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის მთავარი მომხსენებელი იყო.

მთავრობის მეთაურის თქმით, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა საქართველოში, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი 10 პროცენტზე მეტი იყო 2021 და 2022 წლებში.

„ეს პოზიტიური ზრდის ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა და საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7 პროცენტს მიაღწია. ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და 1 პროცენტზე ნაკლებ ნიშნულზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების მიხედვით, საქართველო, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის სტატუსს.

საქართველოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და სტრუქტურული რეფორმების შედეგები სამომავლოდაც უზრუნველყოფს ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს საკანონმდებლო, ბიზნეს და საინვესტიციო გარემო სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტების ინდექსებში დიდი მოწონებით სარგებლობს. მინდა რამდენიმე მათგანი ვახსენო:

„World Justice” პროექტის „კანონის უზენაესობის ინდექსის” მიხედვით, 2023 წელს საქართველო პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში; 2021 წლის „ღია ბიუჯეტის” კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საერთაშორისო რეიტინგის თავში მოექცა საქართველო; მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში” საქართველომ ევროკავშირისა და ნატოს ბევრ წევრ სახელმწიფოს გადაუსწრო; „Fraser Institute”-ის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის მიხედვით, ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების პირველ 25-ეულშია საქართველო 2023 წლის მდგომარეობით”, – განაცხადა პრემიერმა.

 

Back to top button