ირაკლი ღარიბაშვილი: არჩევნები ჩატარდა მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში და საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან შეფასდა ცალსახად პოზიტიურად

არჩევნები ჩატარდა მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში და საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან შეფასდა ცალსახად პოზიტიურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ ვერ შეძლო, მიეღწია სასურველი მიზნისთვის და მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და არეულობის შემოტანას.

„მინდა პირველ რიგში, ჩვენს მოსახლეობას მივულოცო არჩევნების წარმატებულად ჩატარება. არჩევნები ჩატარდა წარმატებულად, მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში და საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან შეფასდა ცალსახად პოზიტიურად.

„ქართულმა ოცნებამ” მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა და 47%-იანი შედეგით კიდევ ერთხელ მოიპოვა მოსახლეობის ნდობა და მართვის მანდატი. ამისთვის მე მინდა ჩემი გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს, კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის და მართვის მანდატის დამტკიცებისთვის. დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა.

„ნაციონალირი მოძრაობა” და დესტრუქციული ძალები კიდევ ერთხელ, უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან” ბრძოლაში. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო, მიეღწია სასურველი მიზნისთვის და მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და არეულობის შემოტანას. 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში, ანუ 31%-ში დაინიშნა მეორე ტურები.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მეორე ტური დაინიშნა ოლქების 56%-ში. შესაბამისად, ეს ჩვენსთვის მისასალმებელი შედეგია და ხაზს უსვამს იმ დემოკრატიულ და სამართლიან საარჩევნო გარემოს, რომელის საქართველოში სწორედ „ქართული ოცნების” ძალისხმევით შეიქმნა.

ასევე მიინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატეები მეორე ტურებში 20-ვე საარჩევნო ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ და რაც მთავარია, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, მათი ნდობისთვის, ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Back to top button