მე ვიტყოდი, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ალბათ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ კახა კალაძე პირველსავე ტურში გაიმარჯვებდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამომრჩევლის განწყობების ანალიზიდან ჩანს, რომ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ მმართველი გუნდის ბევრი მხარდამჭერი დამშვიდდა.
„მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ჩავსვით ციხეში 1-ელ ოქტომბერს, ბევრი დამშვიდდა, დაწყნარდა, ჩვენი ამომრჩეველი. მათ შორის, თქვეს, რომ რაღა აზრი აქვს არჩევნებზე მისვლას, არაფერი ხდება, ამათ ისედაც გარანტირებული აქვთ მოგება. მიზეზი და ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც, ბევრი დარჩა სახლში, ეს არის. მეორე ის, რომ პოლიტიზებული იყო მთელი საარჩევნო კამპანია. არავითარი შინაარსობრივი, თემატური განხილვები, პროგრამებზე მსჯელობა და დებატი არ მიმდინარეობდა. იყო მხოლოდ პირადი შეურაცხყოფები და პოლიტიკური დღის წესრიგი. არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელს რეგიონებში. მაგალითად ნიკა გვარამია და სააკაშვილის ლიდერები, პირდაპირ ეწეოდნენ ჩვენი კანდიდატებისა და მერების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას და ფაქტობრივად, ეს იყო გამოცხადებული ომი, ზღვარგადასული ცილისწამება. ამას გარდა, ის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი საქმე და პროვოკაცია, შეთქმულება, რომელიც დაგეგმეს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეკლესიის წინააღმდეგ, ვგულისხმობ ამ ფაბრიკაციას და გავრცელებულ მასალებს, რომელშიც, სხვათა შორის, გამოძიება ძალიან წინ მიიწევს და იმედი მაქვს, საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს რეალურ მიზეზებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „იმედის კვირაში”.