„9 წლის თავზე როგორც იქნა აღსრულდა კანონი, აღსრულდა სამართლიანობა და ადამიანი, რომელიც ბრალდებულია უამრავ დანაშაულში, დღეს დამსახურებულად იხდის სასჯელს საქართველოს საპატიმრო დაწესებულებაში”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაჭერას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, სხვა დანაშაულებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის უმთავრესი დანაშაული საქართველოს ტერიტორიების 20%-ის რუსეთის ფედერაციისთვის ჩაბარებაა.
„შეგახსენებთ მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა მცირე და ზოგად ჩამონათვალს – ეს არის ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ადამიანების გაუპატიურება, რაც ხდებოდა, როგორც ციხეებში, ასევ ციხეებს გარეთ. ეს იყოს სწორედ მისი რეჟიმის დანაშაული. ქუჩაში ახალგაზრდების ჩახოცვა- გირგვლიანის საქმე, ბუტა რობაქიძის საქმე და ა.შ. ეს იყო აღვირახსნილი კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურებში, ეს იყო ტელევიზიების მონოპოლიზაცია, მედიასაშუალებების სრული მიტაცება, ეს იყო ბიზნესის ტოტალური რეკეტი – ათასობით ადამიანს აჩუქებინეს სახელმწიფოზე ქონება და ა.შ. და ბოლოს ერთ-ერთი მთავარი, თუ არა უმთავრესი დანაშაული ამ ადამიანის და მისი რეჟიმის – ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება რუსეთი ფედერაციისთვის. დღეს ამ დანაშულთა ჩამდენი პათოლოგიური პოლიტიკოსი და ადამიანი არის ციხეში, რაც ნიშნავს სამართლიანობის და კანონის აღსრულებას”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.