
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემურ წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორ წიქვაძე აღნიშნავს, ამერიკულ გამოცემაში ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატია არის შეკვეთილი, დაფინანსებული და არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან.
„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ 2025 წლის 5 ოქტომბერს The New York Times-ში დაიბეჭდა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ჟურნალისტი Philip Shishkin-ისათვის დაკვეთილი სტატია, რომლის ,,საგანი“ უნდა ყოფილიყო დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების გიორგი ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საკითხები.
აღნიშნული სტატია კარგი მაგალითია იმისა, რომ The New York Times, ისევე როგორც The Guardian, ზუსტად იგივე გავლენის ქვეშ არიან და მოქმედებენ, როგორც ლოკალური, ანგაჟირებული მედიები, რომლებიც, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსუყედ ფინანსდებიან მათ შორის ბაჩიაშვილის მიერ, მოპარული აქტივების ხარჯზე.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჟურნალისტის მიერ სტატიაში ასახულ და უაპელაციოდ გაზიარებულ იქნა მხოლოდ ბაჩიაშვილის მოსაზრებები. დაზარალებული მხარის პოზიციები, ზოგიერთ დასმულ კითხვაზე პასუხები კი გადმოცემულია ზოგადი, აბსტრაქტული სახით იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად წარმოჩენილიყო თითქოსდა მათი სისუსტე, დაუსაბუთებლობა.
ამავდროულად, მნიშვნელოვან კითხვებზე დაზარალებული მხარის ამომწურავი, დასაბუთებული პასუხები, რომლებიც სტატიის დამკვეთებისა და შემსრულებლების მხრიდან მათთვის არამომგებიანად იქნა მიჩნეული, საერთოდ არ არის ასახული ტექსტში (მაგალითად, საქმის პოლიტიკურ მოტივაციასთან და თითქოსდა ბაჩიაშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერასთან, მხარეებს შორის მორიგების მცდელობასთან, ბაჩიაშვილის მიერ თავისივე ჩვენებებზე უარის თქმასთან, ციხეში თითქოს სამარტოო საკანში ყოფნასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გაცემული პასუხები). დეტალურ განხილვაში არც კი შევალ, რადგან აღნიშნულის ღირსნი არ არიან უკიდურესად არაკეთილსინდისიერად მოქმედი დაინტერესებული პირები.
ამავდროულად, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სტატია აშკარად გაცდენილია ,,განხილვის საგანს“, ბაჩიაშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისების საკითხის ფარგლებს. მასში საუბარია პოლიტიკური შინაარსის/დატვირთვის მქონე საკითხებზე (მაგალითად, „გაყალბებულ არჩევნებზე“, ავტორიტარიზმზე, ერთი პირის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში – მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, უნგრეთში და ა.შ), რაც იმაზე მეტყველებს, რომ არც ბაჩიაშვილია მხოლოდ დამკვეთის როლში და ბევრად უფრო ღრმა პროცესებთან გვაქვს საქმე. ამასთან, ამ შემთხვევაშიც, სტატიის ავტორი გვევლინება არა როგორც ობიექტური მთხრობელი, არამედ პირდაპირ შეფასებებსა და დასკვნებს სთავაზობს მკითხველს, როგორც ჭეშმარიტებას.
ამ ფონზე, ადამიანს შესაძლოა გარკვეული იმედგაცრუებაც კი დაეუფლოს, რადგან მაინც მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ მედიასაშუალებებზეა საუბარი. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტიც კი, იძულებული გახდა The New York Times-ის წინააღმდეგ ცილისწამების გამო სარჩელი შეეტანა ფლორიდის სასამართლოში, გარკვეულწილად ყველაფერს ნათელს ხდის და ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანის გონებაში არ ტოვებს იმედგაცრუებისთვის ადგილს.
ბატონი დონალდ ტრამპის შეფასებით, მან სარჩელი შეიტანა რადიკალი მემარცხენეების მიერ მხარდაჭერილი „ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და დეგრადირებული გაზეთის წინააღმდეგ“, ხოლო სარჩელით აღნიშნულ მედიას ედავება ბოროტი განზრახვით დამახინჯებული და ტყუილებით სავსე ინფორმაციის გავრცელებას.
როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამას ამბობს, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ ის სტატია, რაც ბაჩიაშვილის საქმესთან (არადა, როგორც უკვე აღვნიშნე, საკითხების ბევრად უფრო ფართო სპექტრს ეხება სტატიის ტექსტი) დაკავშირებით გამოქვეყნდა, არის შეკვეთილი, დაფინანსებული და არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. ნათელია, რომ გარკვეული ისტორიისა და ოდესღაც რეპუტაციის მქონე ეს მსხვილი „მედიები“, დღეს არაფრით განსხვავდებიან ლოკალური (ვგულისხმობ საქართველოში მოქმედ ზოგიერთ მედიას), ვიწრო მერკანტილური ინტერესების მქონე „მედიებისგან“, მოქმედებენ იგივე პრინციპებითა და მიზნებით, რაც ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა ამავდროულად“, – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.