
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტებზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ ყოფნისას უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს „მეთადონს”, „ტრამადოლს” და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერებას ,,პრეგაბალინს”, რაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 262-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) 261-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა) და 263-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.