
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 201.211 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“, რაც რეალიზაციის მიზნით დააფასოვა.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერება და ნარკოტიკული ნივთიერების შესაფუთად საჭირო ნივთები ბრალდებულის პირადი და მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.