
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „მეექვსე საავტორო სკოლის” ბუღალტერმა, რომელსაც წვდომა ქონდა სკოლის ინტერნეტ ბანკთან და რომლის მართლზომიერ მფლობელობაშიც არსებობდა შპს „მეექვსე საავტორო სკოლის” კუთვნილი თანხები, სკოლის საბანკო ანგარიშიდან დანიშნულებით „ხელფასი” და „ხელფასის ავანსი”, სხვადასხვა დროს საკუთარ ანგარიშზე დიდი ოდენობით, 2 161 806,52 ლარი გადარიცხა, რომლის ნაწილიც აზარტულ თამაშებში წააგო. დაკავებულის ქმედების შედეგად „მეექვსე საავტორო სკოლას” დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ბრალდებული 11 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.